ჟურნალი ნომერი 7 ∘ ნინო გორხელაშვილი დავით VIII-ის ურთიერთობა ილხანთა საყაენოსთან და მისი შედეგები
XIII საუკუნის ბოლოს, დავით VIII-ის (1293-1311) ტახტზე ასვლისას, საქართველოში მონღოლების ბატონობის პერიოდი იყო და ქვეყანა რთულ მდომარეობაში იყო, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ფორმალურად, საქართველო ისევ ერთიან სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ, რეალურად, ქვეყანა გაყოფილი იყო ორ სამეფოდ. დავითმა მემკვიდრეობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო მიიღო, დასავლეთ საქართველოში ლიხთიმერეთის სამეფოზე, დავით ნარინის შვილების მმართველობა ვრცელდებოდა და არსებობდა კიდევ ერთი პოლიტიკური ერთეული, სამცხის სამთავრო, რომელიც აღნიშნული ორი მმართველიდან არცერთს არ ემორჩილებოდა. ჩვენი ნაშრომის მთავარი საკითხია, დავით VIII-ის ურთიერთობა მონღოლებთან, თუ რა ხერხებს იყენებდა მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად, როგორ მმართველად ჩანს ამ მოვლენების ფონზე და რა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოიტანა დავითის აჯანყებამ. შვეცდებით ავხსნათ, მხოლოდ კონკრეტული პიროვნების ქმედებების შედეგი იყო ეს ყველაფერი, თუ გაცილებით ადრე დაწყებული პროცესის ლოგიკური დასასრული.
ჩვენი აზრით, დავით VIII-ის საგარეო პოლიტიკა პირობითად შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ. პირველი პერიოდი, როდესაც მას მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ილხანთა საყაენოსთან და ყაენები მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდნენ დავითს, ეს ყოველივე მოიცავს საკმაოდ ხანმოკლე მონაკვეთს და ემთხვევა ქეღათუსა (1291-1295) და ბაიდუს (1295) მმართველობას, ხოლო ყაზან ყაენის (1295-1304) დროს რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და 1297 წლიდან დაიწყო დავით VIII-ის აჯანყება მონღოლთა წინააღმდეგ.
ამ საკითხის შესწავლისთვის მნიშვნელოვანია ქართული წყაროები, XIII-XIV საუკუნეების საქართველოზე ცნობები აქვს ჟამთააღმწერელს, რომლის „ასწლოვანი მატიანეც“, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ მოვლენებზე მოკლე ცნობებს გვაწვდის, ამ პერიოდის საქართველოს ისტორიისთვის მაინც მთავარ წყაროდ რჩება. მეორე წყაროა, შედარებით მოგვიანო პერიოდის (XVII ს.) ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც იმეორებს ჟამთააღმწერლის ცნობებს და აქვს ისეთი ინფორმაციაც, რომელიც ასწლოვან მატიანეში არაა გათვალისწინებული. აღნიშნულ პერიოდზე ცნობებია დაცული ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთაშიც“.
დავით VIII-ის ურთიერთობა მონღოლებთან, როგორც აღვნიშნეთ, მშვიდობიანად დაიწყო, დავითმა, შეიძლება ითქვას, მათი დახმარებით მიიღო ტახტი. მეფობის დასაწყისში, ვხედავთ, რომ მონღოლები მხარსაც კი უჭერდნენ ახალ მეფეს. ამის ერთ-ერთ მაგალითს აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე: როდესაც ერთ-ერთი დიდებული ხუტლუ ბუღა იმდენად გაძლიერდა, რომ მეფეს აღარ ემორჩილებოდა, დავითმა ამის გამო ყაენს მისწერა, ყუთლუ ბუღასთვის გადაეცა მთელი სამეფო, ამ კონფლიქტის დროს ყაენმა დავითს დაუჭირა მხარი და საბოლოოდ, ყუთლუ ბუღა მონღოლებმა შეიპყრეს [გორგიჯანიძე, 2022: 231-232]. ეს ეპიზოდი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ აღწერს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითრებას, მეფე მხოლოდ საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებდა ფეოდალების შეზღუდვას, მას მცირე უფლებები ჰქონდა დარჩენილი, ფარსადან გორგიჯანიძე წერს, რომ „ყაენის შიშით ვერა სცვლიდნენ მეფენი ერისთავთა“ [გორგიჯანიძე, 2022: 232]. დავითის ურთიერთობა მონღოლებთან მაშინ გართულდა, როდესაც ყაზან ყაენი ავიდა ტახტზე, მასა და საქართველოს მეფეს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ დავითი ყაზანის მოწინააღმდეგე თუქალ ნოინის მომხრე იყო. ეს რეალურად აჯანყებას ნიშნავდა. ჟამთააღმწერელი ამ გარემოებას ასახელებს აჯანყების მიზეზად და რამდენიმეგან აღნიშნავს, რომ დავითს „აქუნდა შიში თათართა ყაენის ხილვისა“ [ჟამთააღმწერელი, 1987: 195], ამაში ის უნდა იგულისხმებოდეს, რომ არავინ იცოდა რა მოხდებოდა მეფის ყაენთან წასვლის შემთხვევაში და რადგან დემეტრე II-ის მაგალითიც კარგად იცოდნენ, დავითი ალბათ დადებით შედეგს არ ელოდა. მაგრამ პირადი დაპირისპირების და ურდოში წასვლის შიშის გარდა, შესაძლოა მის აჯანყებას იმან მისცა ბიძგი, რომ მეფეს შეზღუდული ჰქონდა უფლებები. სწორედ ამის შესახებ აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე.
საინტერესოა, რა ხერხებს იყენებდა დავით VIII მონღოლების წინააღმდეგ: მეფემ დედაქალაქი დატოვა და მთიულეთში გადავიდა, ცდილობდა ილხანთა წინააღმდეგ მისი მოწინააღმდეგის, ოქროს ურდოს, გამოყენებას და ელჩობებს გზავნიდა იქ. დავითს ამ პერიოდისთვის, ცხადია, მცირე ძალები ექნებოდა, „ასწლოვან მატიანეში“ ვკითხულობთ, რომ „დიდად ავნებდა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა“ [ჟამთააღმწერელი, 1987: 202], ამის მიუხედავად, წყაროებიდან ჩანს, რომ ეს აჯანყება ილხანებისთვის მაინც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, ვხედავთ, რომ მონღოლები მუდმივად ცდილობდენ დავითთან შეთანხმებისთვის მიეღწიათ, მათ რამდენჯერმე სცადეს დაზავება. აქედან გამომდინარე, ჩნდება ერთი კითხვა, თუ როგორც ჟამთააღმწერელი ამბობს, ილხანთა სახელმწიფოს არანაირი დანაკარგი არ ჰქონია საქართველოს მეფესთან დაპირისპირებაში, მაშინ რატომ ცდილობდა მოწინააღმდეგესთან დაზავებას? ბუნებრივია, „ასწლოვანი მატიანის“ ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რეალურად, ეს აჯანყება მონღოლებისთვის მაინც არ ყოფილა უმნიშვნელო წინააღმდეგობა, დავითმა მათი დამარცხებაც მოახერხა ცხავატში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მაინც მცირე მასშტაბის შეტაკებასთან გვაქვს საქმე, აღნიშნულ ბრძოლაში 500 მონღოლი დაიღუპა. ილხანთა საყაენოსგან შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა ამ მოვლენებს. რადგან ვერც მშვიდობიანი გზით და ვერც ბრძოლით ვერ მოახერხეს მონღოლებმა დავითის დამორჩილება, მას ძმები დაუპირისპირეს და მეფედ დაამტკიცეს ჯერ ვახტანგი (1298... 1302-1308), შემდეგ მცირეწლოვანი გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე - 1299... 1318-1346). ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, დაპყრობილი ქყვეყნის მმართველს უნდა შეესრულებინა სამხედრო დახმარების ვალდებულება. დავითის აჯანყებამ კი ეს შეუძლებელი გახადა, ამიტომ, აღნიშნული პერიოდიდან მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობის ვალდებულება მათ მიერ დაწინაურებული ვახტანგ III-ის ხელში გადავიდა. ამდენად, ვახტანგის მეფედ დამტკიცებით მონღოლებმა ორი პრობლემის გადაჭრა სცადეს და მეორე საკითხში სასურველი შედეგიც მიღეს, ამ პერიოდიდან მონღოლთა ლაშქრობებში უკვე ვახტანგ III იღებდა მონაწილეობას.
საბოლოოდ, დავით VIII-ის აჯანყებამ საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა, მონღლებმა რამდენჯერმე ილაშქრეს საქართველოში და დაარბიეს: ქართლი, თრიალეთი, ერწო, სომხითი. აჯანყებას, ცხადია, გარკვეული სამხედრო და ფინანსური რესურსები სჭირდებოდა, რისი გაღებაც ქვეყნისთვის ადვილი არ იყო. შედეგად, ვხედავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, აღარ იშოვებოდა პური და მის საყიდლად სამცხეში გადადიოდა მოსახლეობა [ჟამთააღმწერელი, 1987: 203]. თუმცა აჯანყების მთავარ შედეგად, მიგვაჩნია, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში დაიწყო „მრავალმეფიანობის“ პერიოდი, აღმოსავლეთ საქართველოს ერთდროულად რამდენიმე მმართველი ჰყავდა. ეს დავითის პოლიტიკის მარცხი იყო, საბოლოოდ, მისმა შტომ დაკარგა სამეფო ტახტი და დარჩა მხოლოდ ალასტანის „პროვინციის მეფობა“. მთავარი კითხვაა, რატომ დაიწყო სამეფოში “მრავალმეფიანობა“? სად უნდა ვეძებოთ ამის მიზეზები? პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დანაწევრება სათავეს იღებს ადრეული პერიოდიდან, XIII საუკუნეში დაიწყო დავით ულუსა (1247-1270) და დავით ნარინის (1247-1293) თანამეფობა, რომელიც გადაიზარდა ორმეფობაში და ფაქტობრივად, ორი დამოუკიდებელი სამეფო ჩამოყალიბდა, სწორედ ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო „მრავალმეფიანობა“. დავით VIII-ის აჯანყებამ კი ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. ზოგადად, დავითის პოლიტიკა სხვადასხვაგვარადაა შეფასებული. აკად. ივანე ჯავახიშვილი მეფეს აკრიტიკებს, იმის გამო, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანა მონღოლთა შემოსევებისგან ისედაც დასუსტებული იყო, დავით VIII-მ გადაწყვიტა მოღალატე ერისთავის შალვა ქვენიფნეველის დასჯა და ამ მიზნით, თავად დაარბია ქსნის საერისთავო. მკვლევარი შეცდომად თვლის ასეთ ვითარებაში მეფის მიერ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის აოხრებას [ჯავახიშვილი, 2012: 161]. ამ აჯანყების მნიშვნელობაზე საუბრისას, პროფ. დავით ნინიძე წერს, რომ დავით VIII-ის დიპლომატიის გამარჯვება იყო ის, რომ გიორგი დავითის ძე მონღოლებმა მეფედ დაამტკიცეს [ნინიძე, 2022: 275]. „ასწლოვანი მატიანის“ მიხედვით ჩანს, რომ დავითი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მონღოლების შიშის გამო, მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ხოლო „ძეგლი ერისთავთაში“ კიდევ უფრო უარყოფითადაა შეფასებული, ამ წყაროს ავტორმა დავითი შეცდომით ჩათვალა ვახტანგის ბიძად, რომელსაც ტახტი არ ეკუთვნოდა მემკვიდრეობით და არაკანონიერად მიიტაცა. ვახტანგის უფლებებს იცავდა, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ქსნის ერისთავი, შალვა ქვენიფნეველი ["ძეგლი ერისთავთა", 1954: 347-348]. საინტერესოა ის ფაქტი, რომ „ასწლოვანი მატიანის“ მიხედვით, შალვა ქვენიფნეველი იყო მოღალატე, რომელიც მონღოლების მხარეს გადავიდა და მათ ჯარს შემოუძღვა ქვეყანაში [ჟამთააღმწერელი, 1987: 198]. აქედან გამომდინარე, საქართველოში იყვნენ ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც დავითს ღალატობდნენ, ვხედავთ, რომ დიდებულების ნაწილიც მის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა და ურდოში წასვლას ურჩევდა, როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით არ არსებობდა ერთიანი გეგმა, როგორ უნდა ემოქმედათ მონღოლების წინააღმდეგ. ხოლო რაც შეეხება შალვა ქვენიფნეველს, ამ პიროვნებაში ისაა საინტერესო, რომ ერთი წყაროს მიხედვით მოღალატე იყო, ხოლო სხვა ცნობებით მეფის (ვახტანგ III-ის) ერთგული. „ძეგლი ერისთავთას“ დამოკიდებულება, ვფიქრობთ, იმით უნდა ავხსნათ, რომ მისი ავტორი ცდილობს ქსნის ერისთავის გამართლებას და შესაბამისად ცნობაც ტენდენციურია. პროფ. ვაჟა კიკნაძე არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ჟამთააღმწერელიც სუბიექტურია, რადგან მას დადებითი დამოკიდებულება აქვს სამეფო კარის მიმართ [კიკნაძე, 1989: 41], მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჟამთააღმწერელი რამდენიმე ადგილას უარყოფით დამოკიდებულებასაც ავლენს დავითის მიმართ, მაგალითად, ერთგან მას ურწმუნოსა და ღვთის უშიშს უწოდებს [ჟამთააღმწერელი, 1987: 211]. ჩვენი აზრით, დავით VIII-ის შეცდომა იყო ის რომ უარი თქვა მონღოლებთან მოლაპარაკებაზე, რამდენჯერმე ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ყველა ელჩობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მეფე უარს ამბობდა მონღოლებთან შეხვედრაზე. ვფიქრობთ, დავითის აჯანყება შეიძლება მარცხად ჩაითვალოს, სწორედ იმიტომ, რომ მეფემ ვერ მოახერხა აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის შენარჩუნება, მისი შთამომავლები ჯავახეთში დამკვიდრდნენ და აღნიშნულ ტერიტორიას აღარ სცილდებოდა მათი გავლენა, გიორგი მცირეს მეფობაც ხანმოკლე აღმოჩნდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქვეყნის რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დაყოფის მიზეზები სათავეს იღებს ორმეფობის პერიოდიდან, მას ხელი შეუწყო დავით VIII-ის აჯანყებამ და საბოლოოდ, როგორც ერთ სამეფო დინასტიას შორის დაპირისპირების, ასევე უცხო ძალის (მონღოლების) ჩარევის დამსახურებით ქვეყანაში დაიწყო „მრავალმეფიანობის“ პერიოდი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ქვეყანა არ გაყოფილა, ფორმალურად საქართველო ისევ ერთიან სახელმწიფოდ დარჩა, მაგრამ ეს ერთიანობა რეალობას არ ასახავს. ჟამთააღმწერელი წერს, რომ დავით VIII „უკანასკნელ მეფე იქმნა ქართლს“ [ჟამთააღმწერელი, 1987: 163], ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ დავითი იყო ბოლო მონარქი, რომელიც დაშლილ საქართველოში, მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა (ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალემ გააერთიანა ქვეყანა). აღნიშნული იმას ადასტურებს, რომ ისტორიკოსი XIII საუკუნის II ნახევრის საქართველოს ერთიან სამეფოდ არ აღიქვამს, რაც ჩვენი აზრით, სრულიად ლოგიკური შეფასებაა.
ამდენად, საქართველოში დავით VIII-ის აჯანყებას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა, მან ხელი შეუწყო ერთდროულად რამდენიმე მონარქის გაჩენას, თუმცა ეს აჯანყება „მრავალმეფიანობის“ არა მთავარი მიზეზი, არამედ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.
ბიბლიოგრაფია:
1. გორგიჯანიძე ფ. 2022. საქართველოს ცხოვრება (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ). თბილისი.
2. კიკნაძე ვ. 1989. საქართველო XIV საუკუნეში. თბილისი.
3. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ძეგლი ერისთავთა (ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო შოთა მესხიამ). 1954. თბილისი.
4. მეტრეველი რ. პაპასქირი ზ. ასტახიშვილი ე. ქავთარია გ. ლორთქიფანიძე მ. ლეთოდიანი დ. სამუშია ჯ. ნინიძე დ. კაჭარავა დ. გურული ვ. ბოლოთაშვილი გ. 2022. ქართული დიპლომატიის ისტორია. თბილისი.
5. ჟამთააღმწერელი. 1987. ასწლოვანი მატიანე (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ). თბილისი.
6. ჯავახიშვილი ივ. 2012. ქართველი ერის ისტორია. ტომი III. თბილისი.